დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. წელს დევიზია- დავამთავროთ უთანასწორობა, შიდსი და სხვა პანდემიები.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10500-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.
საქართველოში 2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 9124 შემთხვევა. ინფიცირებულებს შორის 6820 – მამაკაცი, 2304 კი ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 1894 პაციენტი.
2021 წელს გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 5709 (მათ შორის აფხაზეთში – 624) პაციენტი.
სულ თბილისში რეგისტრირებულია შიდსის 3336 შემთხვევა, აჭარაში- 1045, სამეგრელოში 1220, იმერეთში 1091, კახეთში- 454, აფხაზეთში-537, ქვემო ქართლში-527, შიდა ქართლში-347, მცხეთა-მთიანეთი-124, რაჭა-ლეჩხუმი- 32, სამცხე-ჯავახეთი-125, გურია-196, სვანეთი-1. დაუდგენელია ინფიცირების 2 შემთხვევა, ხოლო უცხოეთის 87 მოქალაქეა ინფიცირებული.