შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. დააკავეს, რომელიც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2015 წლიდან იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 20 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა1971 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, 1956 წელს დაბადებულ მ.გ. კი მძიმედ დაჭრა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავა, მათ შორის: ქურდობისთვის ძებნილი 41, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი 2 პირი, თაღლითობისთვის ძებნილი _ 15 პირი, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი – 3 პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის ძებნილი – 8 პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის ძებნილი 8 პირი, ყაჩაღობისთვის ძებნილი 1 პირი.