საპოლიციო ძალების მხრიდან ძალის გადამეტებისა და მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი მოპყრობის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შსს ჩადის დანაშაულს:
“2024 წლის 1-2 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის.
ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას.
კვლავ ადგილი აქვს ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებასა და კამერების განზრახ დამტვრევას, ასევე ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებას (დაკავებულია ონლაინ-მედია მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი).
ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.
გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს.” _ აცხადებს საია.