კიევში ახალი ქართული კინოს საიუბილეო, მე-15 ფესტივალი გაიხსნა, რომელიც შინდისის გმირების და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება.
ფესტივალი კინოთეატრ „ჟოვტენში“ საზეიმო ვითარებაში, დიტო ცინცაძის ფილმ „შინდისის“ ჩვენებით გაიხსნა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს ეძღვნება და რომელიც წელს ოსკარის დაჯილდოების ნომინანტია.
22-27 ნოემბრის ჩათვლით საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება: თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“, დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი“ და თეო ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზები“, რომელიც მსოფლიო დონის დიდი ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.
ახალი ქართული კინოს ფესტივალი უკრაინის დედაქალაქში უკვე მეთხუთმეტედ ტარდება და წინა წლებთან შედარებით მასშტაბურია როგორც საორგანიზაციო კუთხით, ასევე თავისი შინაარსით და წარმოდგენილი ფილმებით.