რუსეთის იზოლაცია პრაქტიკულად შეუძლებელია – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ტელეკომპანია Rossiya-24- ის ეთერში განაცხადა.
“მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ასე სულაც არ არის. საერთოდაც, ამის მიღწევა ძალიან რთულია, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. რადგან უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსებით”, – ამბობს შოიგუ.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი იმედოვნებდა, რომ რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რაიმე სახით იმოქმედებდა იმ საწარმოთა და კომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც მონაწილეობენ “არმია 2022-ის “ ფორუმში, თუმცა მისივე თქმით, მათზე განხორციელებულმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა.
”მე გეტყვით, რომ მეგობრები დარჩნენ მეგობრებად. მათზე არ იმოქმედა ყველა მხრიდან რუსოფობიასთან შერეულმა ამ მძლავრმა ზეწოლამ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ ვიცავთ დონბასელ ხალხს, რომელზეც უკვე ძალადობენ. წლების განმავლობაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვები დაიღუპნენ, ისინი რატომღაც ცდილობენ ეს ყველაფერი წარსულში დატოვონ“, – განაცხადა შოიგუმ.
მისი თქმით, 2008 წლის ქართული მოვლენები ანალოგიურად უკვე „წარსულში დარჩა“.
ავტორი