პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 17 პირიდან ერთ-ერთი, ინგა ხოროიშვილი ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს. მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე.
„გურია ნიუსი“ დაკავებულის ოჯახს ეწვია და დედამთილს, მანანა გეგიაძეს ესაუბრა.
გეგიაძე ამბობს, რომ მან არაფერი იცის. იცის მხოლოდ ის, რომ დააკავეს მისი რძალი, ოჯახის პატიოსანი გოგო, მცირეწლოვანი შვილების დედა, რომელიც ძალიან კარგ სამსახურში მუშაობდა ბათუმში და არაფერი საქმე ჰქონდა ვიდეოჩანაწერებთან.
იგივე განაცხადა ინგა ხოროიშვილის მულმაც: “ყველამ კარგად იცის, ვინც აკეთებს მაგ საქმეს, ჩემი რძალი არაფერ შუაშია, ჩვენ არაფერი იცით, სასამართლომ უნდა გამოიძიოს”.
მანანა გეგიაძე, ინგა ხოროიშვილის დედამთილი: ჩემი რძალი საუკეთესო ორგანიზაციაში მუშაობდა. არაფერი საქმე აქვს მაგ ჩანაწერებთან. ჩვენ არაფერი ვიცით, სასამართლო თუ სწორად გამოიძიებს, სიმართლეს დაადგენს.
_ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებთქმით, როცა დები ხოროიშვილები დააკავეს, მათი უდანაშაულო თანამებრძოლები დააკავეს…
_ მე არაფერი ვიცი. ის ვიცი, რომ ბავშვებთან ვარ სახლში და ხელს ვუწყობ. ბავშვი ერთი სკოლაში დადის, მეორე _ ბაღში. რა ხდება მანდ, კიდევ გეუბნებით, არ ვიცი და ვინ რას ამბობს, არც ეს ვიცი.
_ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი რძალი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო. მუშაობდა ამ კუთხით?
_ არ მუშაობდა მაგ კუთხით. ჩემი რძალი უნივერსიტეტში მუშაობდა. აქვს ძალიან კარგი სამსახური, არის ოჯახის პატიოსანი გოგო, ძალიან კარგი დედა, ზრდის შვილებს. თქვენც გეცოდინებათ. აქ ხომ შეგხვედრიათ? საერთოდ არ აქვს მაგ საქმესთან სეხება.
_ ახლა სად არის თქვენი რძალი?
_ამ წუთს გათავისუფლებულია, სამსახურშიც გავიდა. თუ სასამართლო სწორად და სამართლიანად გამოიძიებს, ყველაფერს გაიგებენ, სიმართლეს დაადგენენ. მეტი არაფერი ვიცი.
_ გაქვთ იმედი, რომ სასამართლო სწორად გამოიძიებს?
_ ვნახოთ. თუ უნდათ, დაადგენენ სიმართლეს. ჩემი რძალი უდანაშაულოა. არ ვიცი. ყველა შოკში ვართ. ვინც ჩემს რძალს იცნობს, ყველა შოკშია. მარტო ჩემს რძალს მიუვიდა ეს ფარული ჩანაწერი? მან არც იცოდა ამის შესახებ.
_ სულ 17 პირია დაკავებული…
_ჩვიდმეტიაო, იძახიან და ეს ჩანაწერი ნახევარმა საქართველომ მიიღო. ჩემმა რძალმა რა დააშავა. თვითონ არც გაუხსნია, არც იცოდა, სხვამ გამოუგზავნა. ნახევარ საქართველოს ჰქონდა ეს ვიდეოჩანაწერი მიღებული, მის სამსახურშიც კი ჰქონდათ მიღებული. დაადგენს სასამართლო, თუ სწორად გამოიძიებს.
_ თქვენი შვილი, ინგას მეუღლე ახლა სად არის?
_ ბათუმში არიან ორივე, _ გვითხრა ქალბატონმა მანანა გეგიაძემ.