გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა ევროკავშირის გაფართოების და ბლოკში საბოლოოდ უკრაინის მოლდოვისა და საქართველოს მიღების მოწოდებით. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოებისკენ მორიგი საფეხური იქნებოდა კავშირში უმრავლესობის წესით კენჭისყრის შემოღება.
29 აგვისტოს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში, შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკა და ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, „შეაკავშირონ რიგები, გადაჭრან ძველი კონფლიქტები და იპოვონ ახალი გადაწყვეტილებები“ და თქვა, რომ გერმანია კიევს დაეხმარება „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.
„ბევრად უფრო ძლიერად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გაერთიანებული ევროპის გავლენა… ევროპა – ეს ჩვენი მომავალია და ეს მომავალი ჩვენს ხელთ არის,“ თქვა შოლცმა თავის სიტყვაში „ევროპა ჩვენი მომავალია“.
კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას და აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა და, საბოლოოდ, საქართველო – ბლოკს უნდა შეუერთდნენ.
„მაშინ, როცა დღეს ერთსულოვნებაა საჭირო, ყოველი ახალი წევრის მიღებით იზრდება საფრთხე, რომ ცალკეული ქვეყანა ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ყველა დანარჩენს წინსვლაში დააბრკოლებს,“ თქვა შოლცმა. „ამიტომ გამოვედი წინადადებით, ეტაპობრივად გადავიდეთ უმრავლესობის წესით კენჭისყრაზე ზოგად საგარეო პოლიტიკაში, ასევე ისეთ სფეროებშიც, როგორიცაა საგადასახადო პოლიტიკა. თუმცა კარგად მესმის, რომ ამას შედეგები ექნება გერმანიისთვის,“ _ დასძინა შოლცმა.
უკრაინის დახმარების შესახებ საუბრისას შოლცმა თქვა, რომ გერმანია კიევს უახლოესი კვირების განმავლობაში გაუგზავნის იარაღს.
ოლაფ შოლცის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარადიოლოკაციო სისტემებისა და დრონების გაგზავნის გარდა გერმანიამ შეიძლება საკუთარ თავზე აიღოს განსაკუთრებული ვალდებულება უკრაინის საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის პოტენციალის გაძლიერების თვალსაზრისით.
წყარო: რადიო თავისუფლება