,,აქ ამ შოპენს უკრავს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მიყვებოდა ჩემს ბლოგში, შთაგონება და ძრწოლვა შოპენის მაქვსო! აი, ეს არის რაც არისო! – ზეკუ, როგორც დიდ მუზეუმში შეხვალ და სასწაულ ანტიკვარებს ნახავო, უყურებ და ვერ ძღებიო, ისეთი სრულყოფილებაა შოპენი – უბრალოდ უნდა დატკბეო!
„აი, ეს სრულყოფილება რო გავიაზრე, შემეშინდა! მანამდე სულ „ვუტყაპუნებდი“ შოპენს და ახლა ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმის მეშინია, როგორც ბროლი, არ ჩამომსხვრეს. შოპენს ასტრალში გაყავხარ.. შოპენი მყავს გულში, კედელზე, კომპიუტერზე, დედაჩემის სამსახურში, ლედასთან, ყველგან.. შოპენი იწყება პირველი ბგერიდან ისე, როგორც სამყარო!“ ასე უკრავდა და ხმა არ მესმოდა მაშინ… სიყვარულის გულისცემა – კი. ვნებებს ჩუქნი ადამიანებს. რა სუპერძალაა!”- დღეს ასე გამოეხმაურა ცნობილი ქუთაისელი ბლოგერი, ზეკო ხაჩიძე გუშინ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მეათე კლასის მოსწავლის, 15 წლის გიორგი არაბიძის სოლო კონცერტს, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
პედაგოგ ლედა კანკავას უნიჭიერესი მოსწავლის, გიორგი არაბიძის გუშინდელი სოლო კონცერტის რეპერტუარში იყო ბახის, ბეთჰოვენის, სკრიაბინის, მენდელსონის, რახმანინოვის, შოპენის, ლაღიძის მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით შესრულდა და გემოვნებიან მსმენელზე მომაჯადოებლად იმოქმედა. მუსიკალური საზოგადოება გიორგი არაბიძეს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ავტორი