საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში ბრძოლა ახლა არ დაწყებულა.
ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ ის ამ ბრძოლას შეეწირა.
“ბრძოლა ახლა არ დაწყებულა. ეს დიდი ხანია მიდის. დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონია. ჩემი სამსახური იყო ის ორგანო, რომელიც ექვემდებარებოდა პატრიარქს და სხვას არავის. ყოველთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვათანხმებდი პატრიარქთან და სხვა არავისთან. იყო მცდელობები, რომ მე რაღაცას შევათანხმებდი პატრიარქთან და კიდევ ვიღაცისთვის უნდა შემეთანხმებინა. მე არავინ მჭირდებოდა პატრიარქთან ურთიერთობისთვის. ყოველთვის შემეძლო მის უწმინდესობასთან შესვლა და დალაპარაკება”, _ ამბობს ოხანაშვილი.
მისივე თქმით, პატრიარქმა ოპერაციის დღესვე გაიგო, რისთვის იყო დაკავებული მამალაძე.
კითხვაზე: უთხრა თუ არა ილია მეორეს დეკანოზის დაკავების შესახებ მამა დავით ჭინჭარაულმა, ამ შეკითხვაზე ოხანაშვილმა პასუხი არ გასცა, თუმცა, მისი თქმით, პასუხის გაუცემლობა არ ნიშნავს უარყოფას.
ოხანაშვილის განცხადებით, მისი დეკანოზის საქმესთან დაკავშირების მცდელობებიც იყო.
“დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს გეგმა იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ მე არაფერს გამოვრიცხავ”, _ თქვა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ მას არ სჯერა მამა გიორგი მამალაძეს რომ ვინმეს მოკვლა შეეძლო.
ამავე თემაზე:
„კარგად ორგანიზებული მზაკვრობა“ _ რაზე საუბრობს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი
სოსო ოხანაშვილი: უსამართლობას და სიმართლისთვის ბრძოლას შევეწირე
მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება სოსო ოხანაშვილსა და მიქაელ ბოტკოველს შორის