ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლები დაკითხა. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს.
მისი ინფორმაციით, პროკურატურიდან საქმის ახალი მასალები ცოტა ხნის წინ მიიღო, სადაც ახალი მოწმეების დაკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნებია.
”შორენას სადაქალო” ერთი და იგივე ტექსტით ჩვენებაში ამბობს – ”რა კარგი და კეთილი ქალია შორენა”. საინტერესო ფაქტია ის, რომ ეტყობა ჩვენება ყველას დაზეპირებული აქვს, რადგან სიტყვასიტყვით ერთმანეთს ჰგავს ჩვენებები და საუბრობენ ერთნაირი ტერმინოლოგიით. გარდა ამისა, განმეორებითაა დაკითხული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუა. მისი ახალი ჩვენება პირველთან შედარებით შინაარსობრივად შეცვლილი არაა, თუმცა გარკვეულ დეტალებში ცვლილებები არის. არსობრივი და რადიკალური ცვლილება მის პირველ და მეორე ჩვენებებს შორის არაა”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისივე თქმით, საქმის ახალი მასალების თანახმად ჩატარებულია რამდენიმე ექსპერტიზა დეკანოზ გიორგი მამალაძის კუთვნილ ტექნიკურ საშუალებებზე და მას გადაეცა ამ ექსპერტიზის დასკვნები.