ენერგეტიკის მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციას პასუხობს. კალაძის თქმით, “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა პარლამენტის ნდობის ჯგუფში დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება.
“შეიძლება მივიდე. ვაჩვენო და დეტალურად ავუხსნა, რა ხელშეკრულებაა. შოუს მოწყობა თუ სურთ, ამაზეც მზად ვარ. რომელიმე არხზე გადაცემა თუ დაიგეგმება, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო”, – ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” კახი კალაძეს “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე სასაუბროდ პარლამენტში იბარებენ. ენერგეტიკის მინისტრიდან ისინი გაზის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებითაც ელიან ახსნა-განმარტებებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი. ერთი, რომ ვფიქრობთ ეს არის პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის უპატივცემულობა და მეორე, ეს არის პრაგმატული საკითხი. ჩვენ და მოსახლეობასაც აინტერესებს რა ხდება რეალურად,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.
„კალაძის ნებისმიერი ფორმით პარლამენტში დაბარება და კითხვების დასმა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც წინა პერიოდში მან აარიდა თავი პარლამენტში მისვლას და უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემას, ის არც ამ შემთხვევაში გამოცხადდება პარლამენტში,“ – აცხადებს ოთარ სირაძე.