როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. საზოგადოების ნაწილმა ეს სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი სახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო.
შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს:
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, ქორწინების მსურველებისა და თანმხლების პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 პირს, ასევე, სარეგისტრაციო სივრცეში თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს პირბადით. შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას . გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ 10 პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს“.