გურჯაანში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს სამართალდამცავები გზის გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე იმყოფება.
კახა საბანაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები სამართალდამცავებს დაემორჩილებიან, მათ გადაადგილებას პოლიცია უზრუნველყოფს ავტობუსებით.
“ორგანიზებულად რომ მოხდეს გადაადგილება, შატლებზე დაბრძანდებიანჩვენთვის პატივცემული მოქალაქეები და შევიყვანთ თელავში, სადაც გაეხარდებათიქ,” – განაცხადა საბანაძემ.
კახა საბანაძე განმარტავს, რომ გზებზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს პოლიციის წარმომადგენლებმა დღეს აცნობეს.
„საგზაო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით და ორგანიზებულად გადაადგილების მიზნით დაიგეგმა ეს ღონისძიება, ჩვენ ამ შეფერხებასთან დაკავშირებით მოსახლეობას, რა თქმა უნდა წინასწარ ვაცნობეთ დილით,“ – განაცხადა საბანაძემ.
კახა საბანაძე აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს შეატყობინეს, რომ თელავის მიმართულებით გადაადგილება ყვარლიდან შეეძლოთ. ველისციხის და ყვარლის გადასახვევში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს თავს ხელკეტებით დაესხნენ.
საბანაძე ამბობს, რომ ველისციხის და ყვარლის გადასახვევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება გამოძიება დაიწყება.
საბანაძის თქმით, სამართალდამცავების სპეციალური მობილიზება არ ხდება.
გურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.
თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.
rustavi2.ge