შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხადას ხეობაში დაკარგული ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოებს დღეს დილიდან განაახლებენ, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, გუშინ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს.
ცოლ-ქმარი არიან 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა. მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.
6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათ ვერ უკავშირდებოდნენ.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.