შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობას დღეს წარუდგენს.
როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ითვალისწინებს და ინიციატივა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იქნება.
“დღეს ქვეყანაში სასამართლოს სტანდარტმა ძალიან აიწია. შესაბამისად, ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში საკანონმდებლო ჩარჩო შესაცვლელია. თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ქურდული სამყაროც ვითარდება, კანონმდებლობაც უნდა განვითარდეს. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენი ინიციატივით იქნება წარდგენილი, ჯერ მთავრობას წარედგინება და შემდეგ პარლამენტს. ცვლილებები ითვალისწინებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და იქნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ამ მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ.