ქუთაისში მცხოვრები დვალიშვილები სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, გვიან ღამით, დადიანის 20 ნომერში რამდენიმე პოლიციელი შეიჭრა და სახლი დაარბია.
როგორც დვალიშვილები ამბობენ, სამართალდამცველები ოჯახში იარაღს ეძებდნენ და ეს არ არის მათი მხრიდან ზეწოლის პირველი შემთხვევა. მათი თქმით, ორი დღის წინ მათი ოჯახის წევრი სცემეს.
ამ ბრალდებასთნ დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“2017 წლის 6 ივნისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მათ მიმართა ქუთაისში მცხოვრებმა მ.გ.-მ, რომ დ.დ. და ბ.დ. უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდნენ, რომელიც, მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინეს რეაგირება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დ.დ.-ს და ბ. დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ასევე, ბ.დ-ს პირადი და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოუჩენია და არც ამოუღია.
გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას დ.დ.-მ დააფიქსირა, რომ 2017 წლის 5 ივნისს მ. გ.-მ მას სახლში ავტომანქანით, უცნობ პირთან ერთად მიაკითხა, ავტომანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვა და სახლიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა. მისი თქმით, ავტომანქანაში ყოფნის დროს, მ.გ.-მ მისგან კატეგორიულად მოითხოვა სესხად აღებული თანხის გადახდა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახია ტანსაცმელი და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა. ამის შემდგომ მ.გ.-მ და უცნობმა პირმა დ.დ. აღნიშნულ ადგილზე დატოვეს, ხოლო თვითონ ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემართნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დ.დ-ს პოლიციისთვის აქამდე არ მიუმართავს და არც მომხდარის შესახებ შეუტყობინებია.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მ. გ. ან მისი ძმები შსს-ს თანამშრომლები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. მ.გ. შსს-ში 2011 წლიდან აღარ მუშაობს”, _ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.