შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 71 წლის აზა (მადლენა) ჩალიჩავას წინააღმდეგ – მას სამი დღის წინ, 19 ოქტომბერს პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება – აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე პატიმრობით.
„დღეს მომახალეს შუბლზე, რომ მისასვლელი ვარ… მე საჯავრებელი არაფერი მაქვს. ამათ საით მიჰყავთ ქვეყანა – ამაზე გული მწყდება. ეს რუსები ჩემთვის ოკუპანტები არიან…
პირველი გადავალ [რუსთაველზე], არ მეშინია. მომკიდონ ხელი და დამიჭირონ… ასეთი სიმწარე გამოვლილს, მე რუსეთი უნდა მიყვარდეს? ვერასდროს შევიყვარებ რუსეთს – არასდროს გაიხარებს საქართველო ამათ ხელში…
წამლები მაქვს გამოწერილი, ავადმყოფი ვარ… ავად ვიყავი და პირბადე მეკეთა, რომ დაწერეს ოქმი. სიცხვილი მეთქი – მე ვუთხარი. გაციებულ, ბებიის ხელა ქალს რომ ასე ექცევით მეთქი…
მე რომ ვკვდებოდე, ძალას მაინც მოვიკრებ და მაინც მოვალ…
[დამიჭირონ], ოღონდ ის ახალგაზრდები გამოუშვან ციხიდან… მე რა დამრჩენია, ჩემი თავი გადადებული მაქვს…“ – უთხრა აზა ჩალიჩავამ რადიო თავისუფლებას.
საჯარიმო ოქმის შედგენის გამო მან წუხელ პოლიციელებს მიუტანა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
„არ მინდა, ქალბატონო! რა გინდათ, სპეციალურად მოხვედით?“ – უპასუხა პოლიციელმა მას.
71 წლის ქალის საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს – მისი საქმე, დიდი ალბათობით, ხვალ, 23 ოქტომბერს განიხილება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო სამ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 40-ზე მეტი უკვე სამართალდამრღვევად ცნეს.

































































