შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, გ.ზ.-მ მაღაზიის შესასვლელი კარის მინა დააზიანა და მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ზ. სოფლიდან რამდენიმე დღით გაუჩინარდა.
ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მხილებული პირი გამოკითხეს, რომელმაც სოფელ შემოქმედში, ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი აღიარა და ჩადენილის მოტივად ანგარიშსწორება დაასახელა.
გ.ზ.-მ გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, აღნიშნული მაღაზიის მეპატრონის კუთვნილი სხვა ობიექტიდან დედამისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან მომხდარი ასეთი ფორმით გააპროტესტა.
გამოძიება აფეთქებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.