საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.