შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.
„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საფუძველზე ბუნებრივად შეიქმნა გარკვეული პლატფორმა სამოქალაქო სექტორსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის. ამ თანამშრომლობისთვის მე, პირველ რიგში, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებთან ერთადაც ეფექტურად ვმუშაობთ. ჩვენ ხშირად ვდაობთ, ხანდახან გვაქვს ძალზედ მწვავე დისკუსიები, ზოგ თემებში ვთანხმდებით, ზოგ თემებში ვერ ვთანხმდებით, თუმცა ვთვლით, რომ სამოქალაქო წარმომადგენლების ფაქტორი დღეს ჩვენ ქვეყანაში, დემოკრატიის განვითარების ამ ეტაპზე, ინსტიტუტების გაძლიერებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ინსტიტუტების უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის. ამ ბალანსის შექმნა შეუძლებელია მსგავსი თანამშრომლობის გარეშე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს აქ ხართ, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ შევძლებთ ამ სამოქალაქო გარემოს განვითარებას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი პასუხისმგებლობის დოზაც, დონეც და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად მწვავე დისკუსიებისა და ზოგჯერ მწვავე შეფასებებისა ამას ცალსახად გვაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ.
ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლებს და ასევე, ყველა იმ ადამიანს და იმ ორგანიზაციას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ღონისძიების ჩატარებას. მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენენ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთთან მწვავედ ვისაუბროთ, ზოგჯერ დავეთანხმოთ ერთმანეთს, ზოგჯერ არა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved