საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
“2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით:
ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს;’
მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროებს მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.
პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა;
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი;
საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობის დროს მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.