საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი – 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს. როგორც შსს აცხადებს, ისინი დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
პოლიციამ ერთი პირი – 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.
ვაკის პარკში ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. ერთ მხარეს “არ ვიზეიმებთ გენოციდს” და “რუსეთი ოკუპანტია”-ს აქციის მონაწილეები არიან, მეორე მხარეს კი “უკვდავი პოლკის” მხარდამჭერები.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.