ლანჩხუთში, სოფელ შუხუთის ცენტრში, სადაც კულტურის სახლის ყოფილი შენობის სადემონტაჟო სამუშაოები ადრე დილიდან დაიწყო, ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა პროტესტის გამოსახატად. ადგილზე სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები. აქციაზე სოფლის მაჟორიტარი აკაკი იმნაიშვილი და მერის წარმომადგენელი გიორგი იმნაიშვილიც იმყოფებოდნენ.
აღნიშნული შენობა მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავის დროზე საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა და აუქციონის წესით გაასხვისა.
შუხუთლები ამბობენ, რომ შენობა ძალიან იაფად და რაც მთავარია, ჩუმად გაიყიდა მაშინ, როცა შეთანხმება არსებობდა, რომ არ მოხდებოდა მისი ამ სახით დემონტაჟი.
მათი თქმით, აღნიშნული შენობის ბედით შუხუთის მკვიდრი, ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძე იყო დაინტერესებული, რომელიც საკუთარი ხარჯებით დაშლიდა შენობას, სამშენებლო მასალას დაასაწყობებდა და სამომავლოდ „ლელოს“ მუზეუმის ასაშენებლად გამოიყენებდა.
„მთელმა სოფელმა იცის, რომ ეს შეთანხმებული იყო ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგრამ, შენობა ჩუმად გაიტანეს აუქციონზე და 600 ლარად გაყიდეს, არადა, მარტო ტუფის ქვით ნაშენი შენობის ნარჩენი თლილი ქვის ღირებულება 40 ათას ლარს აღწევს.
ეს სოფლის საკუთრებაა და აქვე უნდა დარჩეს, არავის დავანებებთ ამ შენობის ნადგრევას და ნიორ-ნაქურჩელად გასხვისებას, და ამით ვიღაცეებმა დიდი ფული იშოვონ. გუშინ ვიცოდით, რომ დრ დაანგრევდნენ ამ შენობას, მოლაპარაკებიბი გვქონდა და ამ დილით ადრე მოსულან მამულად, ნგრევა დაუწყიათ“ _ ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები და ხელწერებსაც აგროვებდნენ შენობის დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით.
აქცია შუხუთში ისე დაიშალა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობიდან მათთან შესახვედრად არავინ მისულა.