ცნობილი ქართველი კონფერანსიე ქართლოს კასრაძე საკუთარ საგასტროლო მოგზაურობებს ხშირად იგონებდა, ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას კი ხშირად ყვებოდა:
“საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი გასტროლებზე – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი მაქვს. ფინეთში ფინურად მიმყავდა კონცერტი, დანიაში – დანიურად, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში – ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში ოსურად დავიწყე და ხელები გადაიტყავეს ტაშისკვრით ოსებმა.
ამ მოგზაურობების დროს შიგადაშიგ ლექსებსაც ვწერდი. სამარყანდში ყოფნისას, თემურ-ლენგის საფლავი ვინახულეთ და ასეთი სტრიქონები დავწერე:
სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი…
ლანგ-თემურო, ხომ მოვედი სამარხამდი
ამ ქვაზე რომ კოჭლი ფეხით აბიჯებდი,
ქართველები ჩამოვედით – რა ბიჭები!
სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი,
ლანგ-თემურო, ხელმეორედ დაგმარხავდი!”
ავტორი




































































