ოქტომბრის ბოლო დღეებში გურიას შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრონი და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დირექტორ, გიორგი სანადირაძე სტუმრობდნენ. ვიზიტის პირველ დღეს ისინი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ, ხოლო მეორე დღეს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.
ქალაქ ოზურგეთში ტექნოპარკში ჩატარდა კონკურსი “ბიობლიცი”, რომელშიც მონაწილეობდნენ მთისპირის, მაკვანეთის, შემოქმედის, ცხემლისხიდის, ლიხაურის, ვაკიჯვრის საჯარო სკოლების მოსწავლები.
„ბიობლიცში“ მონაწილე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებისთვის პირველ ეტაპზე, ჩატარდა გასვლითი ღონისძიება, სადაც, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გაცნობოდნენ გურიის ბიომრავალფეროვნებას, მოესმინათ ინფორმაცია გურიის ეროვნული პარკის გეგმარებით ტერიტორიაზე არსებული იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
გამარჯვებულები სკოლების ვინაობა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულები გახდნენ: პირველი ადგილი _ მთისპირი საჯარო სკოლა, მეორე ადგილი _ ლიხაურის საჯარო სკოლა; მესამე ადგილი _ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.
შეხვედრის დასასრულს მედიასთან კომენტარი გააკეთა ულრიკ თიდესტრონმა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ულამაზეს გურიაში ვიმყოფები. შვედეთი მხარს უჭერს გურიაში ახალი ნაციონალური პარკის შექმნას. ეს, ცხადია, ნიშნავს უნიკალური ბუნების და ბიომრავალფეროვნების დაცვას ამ შესანიშნავ რეგიონში.
ჩვენ, ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას ამ რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის. ეს ყველაფერი, ასევე, გულისხმობს განათლების კომპონენტსაც და დღეს შევხვდი ფანტასტიურ მოსწავლეებს ოზურგეთის სხვადასხვა სოფლიდან. ისინი ჩაერთნენ კონკურსში ”ბიობლიცი”და წარმოადგინეს თავიანთი იდეები პარკის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ოზურგეთელი მოსახლეობისთვის ამით მოტანილი სარგებელი.
ძალიან მომწონს ამ პროექტის მიმდინარეობა. დღეს, ასევე, მქონდა შესაძლებლობა გურიის ხელისუფლებას შევხვედროდი. ჩვენ ერთად განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები ჩემს ქვეყანასა და გურიის რეგიონს შორის”, _ თქვა შვედეთის ელჩმა.
აღნიშნულ შეხვედრას გურიის გუბერნატორი, გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ახალი წიგნის და ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორი