რევაზ ლაღიძე ბუნების ნამდვილი შვილი გახლდათ. როგორც კი თავისუფალი დრო მიეცემოდა თავის ბადე ანკესებს ამზადებდა და სათევზაოდ, ასევე სანადიროდ დადიოდა.
ერთხელ, წინა საუკუნის 70-იან წლებში ლაღიძე ლაგოდეხის ნაკრძალის მაშინდელმა დირექტორმა სანადიროდ და დროის სატარებლად მიიწვია.
რეზო მარტო არ დადიოდა, მეგობრები სულ თან ახლდა – ცნობილი კომპოზიტორ-მუსიკოსები.
რამდენიმე მანქანა მწკრივად მიადგა ლაგოდეხის ნაკრძალს.
გამოეგებნენ ადგილობრივები საპატიო სტუმრებს. თბილისიდან ჩასულებს „ცეკას“ ერთი კურატორიც ახლდათ თავისი პერსონალური „ვოლგით“ და, მძღოლითურთ.
„შოფერი“ ერთი ავეტიქა გახლდათ, სომხურად შავი და წვერმოშვებული (გაპარსვას ვერ ასწრებდა ხოლმე).
რომ წაითევზავ-წაინადირეს, ჩასულები სუფრასთან მიიპატიჟეს. შუა ქეიფია.
„სიურპრიზი“ – პატარა, გულაფანცქალებული შველი შემოიყვანა ავეტიქა-მძღოლმა.
რადგანაც იმ დღეს რეზოს დაბადების დღე დაემთხვა – ვითომ „პერსონალნი“ პატივი სცეს. შემოიყვანა ეს შველი ავეტიქამ და ბატონ რეზოს მიუფხარკალა ფეხებთან:
– ბატონო რეზო, დღესა თქვენი დენ რაჟდენიაა, რა…
– მერე? – გაუკვირდა დიდ ხელოვანს, – რაშია საქმე, ავეტიქ?
– აი, ეს შველი უნდა დავკლა ეხლა და ხუთმეტ წუთში ამისი მწვადი უნდა დაგიდოთ სინზე.
ეშხში შესულ კომპოზიტორს თვალები ჩაუქრა. შველს ხელი შეავლო, თვალებში ჩახედა, მსუბუქად უბიძგა და, ისიც, გახარებული, კუნტრუშით შევარდა ტყეში.
– ეს რა ქენით, ბატონო რეზო?! – პირი გაუშრა ავეტიქა შოფერს.
– ბიჭოო! – მოხრილი თითი თავზე მიუკაკუნა ავეტიქას, – როგორ, როგორ შეიძლება, შენნაირმა სიმახინჯემ ასეთი სილამაზე შეჭამოს?




































































