ტვ პირველის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 18 წლის შშმ პაციენტის ოჯახის წევრები იკრიბებიან – მძიმე დიაგნოზით კლინიკის რეანიმაციაში მოთავსებული გიორგი დავითურის დედა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვს.
მაია ბარათაშვილი “ოცნების” პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს დახმარებას და შვილის თურქულ კლინიკაში გადაყვანას თხოვს.
“შვილი მყავს რეანიმაციაში დატოვებული, სადაც სრულიად უმიზეზოდ, სასიკვდილო რომ არაფერი სჭირდა, მოვხდით კლინიკაში და მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ დღეს უკვე სიცოცხლეს ებრძვის. მივმართავ პრემიერ- მინისტრს, ჰყავს შვილები და ალბათ იცის, რა არის შვილი, ძალიან გთხოვთ, ან მოხვიდეთ და გვნახოთ,დაგველაპარაკოთ, ან ბავშვი გადამაყვანინოთ სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში, სადაც გადამირჩენენ შვილს. მეტ არაფერს ვითხოვ. სამ დღეში ბავშვი სიკვდილის პირას მიიყვანეს და არვიცი, აქედან რომ მივალ, დღეს საღამოს იქნება თუ ხვალ, რას გაგვაგებინებენ,” – მიმართავს 18 წლის ბიჭის დედა კობახიძეს.
ოჯახი ამბობს, რომ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო, მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, საათობრივად უარესდება და ერთადერთი გამოსავალი პაციენტისს თურქეთში გადაყვანაა.
სანამ შშმ პირის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები კანცელარიასთან გადაინაცვლებდნენ, კლინიკის სახელზე მორიგი განცხადება შევიდა – ოჯახი ითხოვს, წვდომა ჰქონდეთ პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე. ასევე ითხოვს სამედიცინო კონსილიუმს.
შშმ პირის დედის ინტერესებს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტები იცავენ. უფლებადამცველები შეისწავლიან, ხდება თუ არა პაციენტისთვის ადეკვატური მომსახურების გაწევა.
“ამ დღეების განმავლობაში დედას ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, თუ რა მკურნალობა უტარდებოდა მის შვილს, შესაბამისად, კლინიკის მხრიდან დარღვევა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, თუ რა რეაგირება ჰქოდნათ ბავშვის შემსოვლისას, არამედ ისიც, რამდენად ადეკვატური, დროული და სრულფასოვანია ის ჩარევა, რაც ხორციელდება პაციენტთან მიმართებაში. არსებობს უვკე ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ სამედიცინო მკურნალობა ისე არ ტარდება, როგორც უნდა ტარდებოდეს, ამიტომ გადადუდებლად ითხოვს მშობელი სამედიცინო სამედიცინო კონსილიუმს ყველა სამედიცინო პროფესიონალის ჩართულობით და ასევე დაუყოვნებლივ ბავშვის გადაყვანას თურქეთში ან სხვა ადეკვატურ ადგიალს”, -აცხადებს იურისტი ანა არღანაშვილი.






























































