ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურიას იმედი აქვს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
“კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მის მშობლებს, მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია. ზუსტად 1 წლისა და 10 თვის წინ ჩვენც შვილი ასე ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი დაიცვა, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ 6 ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი, ნაწამები შვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რომ მოფერებოდნენ და მისთვის საკადრისი პატივი მიეგოთ. თუ ესენი ვერ დასჯიან მკვლელებს, უფალს ვერავინ დაემალება, დაისჯებიან”,- თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.
რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.