რუსეთის სამთავრობო მედია radiosputnik – ის ინფრომაციით, რუს პროპაგანდისტი, სერგეი მარკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის პუტინისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გულის შეტევით გადაყვანეს.
20 აგვისტოს, მოსკოვის რეგიონში მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, აფეთქდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მოსკოვთან აფეთქებული მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა საშუალებით მივიდა. მისივე დადასტურებული ინფორმაციით, ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტი დაგეგმილი იყო. ოფიციალური კრემლი არაფერს ამბობს, მაგრამ მათთან დაკავშირებული წყაროები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა BAZA-მ გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშუალებით გაავრცელა არხმა 112-მაც.
აფეთქება მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. გამოცემა BAZA წერს, რომ აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
დარია დუგინას აფეთქების შედეგად სიკვდილი რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებშიც დაადასტურეს.
ცნობისთვის, დარია დუგინა მხარს უჭერდა ომს უკრაინაში და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ “დონბასის სახალხო ლაშქრის” მებრძოლებთან. ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ის 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დარია დუგინა, ასევე სანქცირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერაც.
ის მუშაობდა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში.
ავტორი