„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს _ 1989 წლის სისხლიან ტრაგედიასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას. მადლობა დამოუკიდებლობისთვის, მადლობა იმ 21 ადამიანს და მადლობა თქვენ, ვინც იქ, ჩვენთვის იდექით, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეთ და თქვენს მხრებზე გადაიტანეთ იარაღის, სანგრის ნიჩბების, ქიმიური ნივთიერებების და რუსი ჯალათების სისასტიკე.
პ.ს. ეს ფოტო ჩემი ოჯახის არქივში ინახება და ყოველთვის ემოციურია მისი ნახვა, მადლობა ამ პატარა გოგონებს და მათ თანატოლებს რომლებმაც ჩვენ გადაგვარჩინეს! “ _ წერს ფეისბუ8ქის საკუთარ გვერდზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მანონ ლომჯარია. ის ცხრა აპრილს, გამთენიისას, გადათელილი და გონწასული იპოვეს და საბედნიეროდ, სიკვდილს გადაარჩინეს. იგი მადლობას სხვებს უხდის, თუმცა, ამ „სხვებში“, პატარა გოგო-ბიჭებში, თავად იყო იმ ღამით და სიკვდილს თვალებში ჩახედა იმ თავისუფლების საძებრად, რომლითაც დღეს ამაყობს და თავს ბედნიერად თვლის.
1989 წლის 9 აპრილის ღამეს სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ჭყლეტაში მოყოლილი, გონწასული დილაადრიან იპოვეს.
_სახეში გარტყმა ვიგრძენი _ „შვილო, შვილო… _ მესმოდა კაცის ხმა. ეს ცოცხალია“. მერე სასწრაფო დახმარების მანქანა მახსოვს, ჩახუტებული შემიყვანეს და სკამზე დამსვეს, თუმცა, ისევ თვალთ დამიბნელდა და სკამიდან იატაკზე გადმოვვარდი… ისევ მესმოდა ხმა, რომ „მიხაილოვის“ საავადმყოფოში მივდივართო, _ გვიამბობს ქალბატონი მანონი და ემოციების გარეშე ვერ იხსენებს ოცდაათი წლის წინანდელ ტრაგიკულ ცხრა აპრილს. ამასთანავე, თავს ბედნიერად თვლის, რომ მონაწილეა იმ სასწაული გამოღვიძების, როცა ერი ერთ მუშტად შეიკრა _ პირველად გავიგე, ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი და საერთოდ, საქართველოს ნამდვილი ისტორია თავიდან ვისწავლე. ახლაც ჟრუანტელი მივლის. ეს იყო საოცარი ერთიანობა, სულიერად ცამდე აიზიდა ხალხის შემეცნება, სასწაული ხდებოდა. ამ გამოღვიძებას რა ერქვა, ასე მდიდარი ქართული სიტყვიერებითაც ვერ გადმოსცემ, ალბათ…
მანონი ლომჯარიას არქივში არის ფოტოები, როცა საავადმყოფოში ექიმები თავდაუზოგავად იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
_ხელები არ მემორჩილებოდა, მარჯვენა ხელი კი მათრახივით მეკიდა. მიკეთებდნენ ნემსებს, რაღაც ჩხვლეტებით ცდილობდნენ, გაეგოთ, მგრძნობელობა მქონდა თუ არა. საბედნიეროდ, მეც გადავრჩი და ხელიც შემინარჩუნდა… მახსოვს, რუსი ეროვნების ექიმი, რომელიც თავს მევლებოდა და ტიროდა. ხელი რომ მომკიდა, გავაშვებინე, რაკი რუსი იყო, უცებ პროტესტი მომაწვა. წლების მერე კი შემრცხვა ჩემი საქციელის და ახლაც მრცხვენია. რას ვერჩოდი?!
მანონი ლომჯარია ბედნიერად თვლის, რომ საქართველოს ნამდვილ ისტორიას ასწავლის საყვარელ მოსწავლეებს და ეს ბედნიერება მას სწორედ იმ ცხრა აპრილმა მოუტანა.
_ ჭანიეთის საჯარო სკოლაში, გუშინ, 8 აპრილს უკვე ჩავატარე ღია გაკვეთილი. შევკრიბე სკოლის ბავშვები, ვუამბე იმ დღეებზე, მაღალკლასელებმა ინტერესით ნახეს ვიდეომასალები ცხრა აპრილის შესახებ. უბედნიერესი ვარ, რომ იმ სისხლიან ღამეს გადავრჩი და დღეს ჩვენს მომავალ თაობას მართალ ისტორიას ვასწავლი, _ ამბობს პროფესიასა და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგი.