პროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.
ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება, რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული.
როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
„გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა.
,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ.
ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ.
ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.