იმის გასარკვევად, რა იციან ხალხის რჩეულებმა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს ძალიან მარტივი კითხით მივმართეთ: „იცით თუ არა ვისი უფლებაა ადგილობრივი თვითმმართველობა?“
ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატებთან ჩატარებული გამოკითხვის მსგავსად, ჩვენმა შეკითხვამ ოზურგეთელი დეპუტატის ნაწილი დააბნია, ნაწილი გააქცია და ზოგში აგრესია გამოიწვია.
ერთ-ერთ ასეთი კი ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, სოფელ სილაურის რჩეული გოჩა კილაძე გახლდათ, რომელსაც, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული თანამდებობა _ პროკურორობა გაახსენდა და კითხვაზე პასუხის ნაცვლად, კამერაზე ხელი აგვიფარა.
დაბა ლაითურის დეპუტატმა რესან გაბაიძემ და დვაბზუს დეპუტატმა როზეტა სკამკოჩაიშვილმა გაქცევა ამჯობინებს, ხოლო დარჩენილების პასუხს, უცვლელად გთავაზობთ:
შალვა დოლიძე, საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“: “ვერ გავიგე, რას მეკითხებით? _ არასწორი შეკითხვაა“.
ბიძინა გობრონიძე, „ქართული ოცნება“, თხინვალის დეპუტატი: “ადგილობრივი თვითმმართველობა არის ადგილობრივი ხელმძღვანელობის, თვითმმართველობის უფლება და უფლებამოსილებას საკრებულო და გამგეობა ახორციელებს ერთად მშვიდად და ლამაზად”.
ბიძინა იმნაიშვილი, „ქართული ოცნება“, დაბა ურეკის დეპუტატი: “ვისი უფლებაა და ხალხის“.
ტარიელ აროშიძე, „ქართული ოცნება“, კონჭკათის დეპუტატი და “ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე: “კაი, სიგარეტს ვეწევი, ერთი წამით მაცადეთ, ერთი წამით რა და მერე გეტყვით“.
დავით მჟავანაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სოფელ ჭანიეთის დეპუტატი: “ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება”.
ნუგზარ ურუშაძე, საკრებულოს წევრი “ქართული ოცნების“ სიით: “არ ვიცი?… კი ვიცი”.
ეროდი გორდელაძე, „ქართული ოცნება“, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და ბახვის მაჟორიტარი დეპუტატი: „ჩვენ გაგვაჩნია ოზურგეთს ადგილობრივი თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი, საკრებულო და გამგეობა.“
ალიკა გოგოძე, ფრაქცია “ჩვენი ოზურგეთის“ თავმჯდომარე, სოფელ ნაგომრის დამოუკიდებელი დეპუტატი: “როგორ თუ ვისი უფლებაა? ერთი წუთით შევალ ოთახში. ვის უფლებაა? _ ამომრჩევლის”.
დავით დარჩია, საკრებულოს თავმჯდომარე: “ხალხის, ხალხის.“
ბესო ქათამაძე, „ნაციონალური მოძრაობა“, დაბა ნასაკირალის დეპუტატი:“მოსახლეობის, უპირველეს ყოვლისა და იმ ადამიანების, რომლებიც ხალხის სამსახურში მუშაობენ”.
რაც შეეხება კითხვის პასუხს, რომლის ცოდნაც საკრებულოს დეპუტატებისთვის, ვფიქრობთ, აუცილებელია _ ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
ამავე თემაზე: “რომ მოგცემს ზემოდან და რაზეც რომ გინდა, იმაზე დახარჯავ!”
რამდენიმე აუცილებელი განმარტება “ქელეხში მყოფ” და “მოუცლელ” დეპუტატებს