გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მცხოვრები ჭიხვარიების ოჯახის უკიდურეს გაჭირვებას ასახავდა ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც უკვე ვწერდით, სტატიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ჭიხვარიების ოჯახს დახმარება გაუწიეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა მურადაშვილმა, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ზურა მუჯირიშვილმა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ; ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.
ჩვენი სტატიის გმირებს დაეხმარნენ: პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ანა გოჩაშვილი; ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგლარ სიორიძე; ნათია შათირიშვილი; დავით ხარშილაძე; ჯონი უჯმაჯურიძე; ქეთევან გიორგაძე; ვარდო სიხარულიძე; ნინო ლომჯარია; რამაზ უჯმაჯურიძე; ზვიად მამალაძე, თეონა მჭედლიშვილი; მარიანა ჩხაიძე; გურია-აჭარის სოკარ გაზის სამმართველოს უფროსი ილო ვაშაყმაძე.
ბიზნესმენმა დავით ჯღენტმა 4 შვილის მამა უკვე დაასაქმა.
„გურია ნიუსის“ სტატიას გამოეხმაურა ცნობილი ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი და მისი მეგობრები, რომლების დღეს ერკეთში ჩამოვიდნენ და ჭიხვარიების ოჯახისთვის ძროხა და გოჭი შეიძინეს.
საქონლის სადგომის მოწყობისთვის საჭირო მასალები „გურია ნიუსის“ თხოვნით ვატო ჩხიკვაძემ გამოყო; მასალების ტრანსპორტირებაში კი ლაშა გიორგაძე დაგვეხმარა; დახმარება ასევე გაგვიწია ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ზურა მუჯირიშვილმა.
გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახის დღეს პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ტექნიკა და ტანსაცმელებიც გადაეცათ, რომლებიც აკა სინჯიკაშვილის დახმარებით შეგროვდა.
აღსანიშნავია ერთი სასიხარულო ფაქტიც _ რამდენიმე დღეში ჭიხვარიების ოჯახი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან სამშენებლო მასალასაც მიიღებს და სულ მალე ისინი ნორმალურ ოთახებში შეძლებენ ცხოვრებას:
_ არ გვეგონა თუ ეს შესაძლებელი იყო. მთელი ოჯახი მშრომელი ხალხია. ახლა, როცა მასალები ექნებათ, როცა არ ეშიებათ, როცა საწოლი და საბანი ექნებათ ყველაფერს შეძლებენ. ჩვენც მათ გვერდით ვიქნებით და დავეხმარებით. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ „გურია ნიუსს“. რომ არა ჩვენი გაზეთის ასეთი თანადგომა, რომ არა თქვენი ინტერესი აღმოგეჩინათ და დახმარებოდით ამ ღატაკ ოჯახს არაფერი გამოვიდოდა, _ აღნიშნეს ჭიხვარიების მეზობლებმა.
თავად ნანული ჭიხვარიას თქმით, ის ყველაფერი, რაც მის თავს მოხდა მოწმობს იმას, რომ ამ ქვეყნად კეთილი ადამიანები არსებობენ და გაჭირვებული ადამიანი ბედი სულერთი არაა:
_ თავი სიზმარში მგონია. ვერასოდეს ვერ შევძლებ „გურია ნიუსის“ და იმ ადამიანების ამაგის გადახდას, რომლებმაც მე და ჩემს ოჯახს ბედნიერების საშუალება მოგვცეს, _ თქვა ნანული ჭიხვარიამ.