კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „TV პირველის” მონიტორინგის შედეგად მიიჩნია, რომ ტელეკომპანიის მხრიდან დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ეს მუხლი:
„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”.
დეპარტამენტმა ამ საკითხზე მოხსენებითი ბარათი შეადგინა და კომუნიკაციების კომისიას განსახილველად წარუდგინა. კომისიამ ეს საკითხი დღეს, 18 ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილება კი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
გთავაზობთ ფრაზებს, რომელიც დეპარტამენტმა კანობის დარღვევად მიიჩნია:
„ამ წუთებში სინდისის პატიმრები გლდანის ციხიდან
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ. დღეს რვა ადამიანის პროცესია. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაჭერილებიდან ნაწილი დღეს მოსამართლეს სიტყვით მიმართავს. ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები წელიწადი და ხუთი თვეა სასჯელს იხდიან. არცერთი ოცნების გამოძიების წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს”.
„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო ეს დოკუმენტი ყველაზე მძიმე ივანიშვილისთვისაა ოლიგარქი და მისი ოჯახი ქონებას პარიზში ფლობს პირველებში რვაზე მოგიყვებით რას მოითხოვს დოკუმენტი რომელიც ივანიშვილზე პუტინის რეჟიმის გავლენებზე ღიად საუბრობს“.
„დღეს მზია ამაღლობელის დაბადების დღეა. ის უკვე მეორედ საკუთარ იუბილეს გისოსებს მიღმა ხვდება. პატიმარ ჟურნალისტს მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა 51-ე დაბადების დღე მიულოცეს. იბრძოლეს, სანამ გვიანი არ არის ამ შინაარსის, ბანერი იყო რუსთავის ციხესთან შემაღლებულ ადგილზე გაშლილი. მოქალაქეები ცდილობდნენ შეძახილებით მიეწვდინათ ხმა ჟურნალისტისთვის, რომელიც ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა პოლიციელ დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო“.
წყარო: პუბლიკა


































































