“ვის ვახსოვართ, მარტო არჩევნებისთვის შემოგვივლიან ხმების წასაღებად“, _ ეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მცხოვრებლების ხმაა, რომლებსაც წლებია, დანგრეული ინფრასტრუქტურის პირობებში უწევთ ცხოვრება. ოზურგეთი–ჩოხატაურის ცენტრალური გზიდან, ე.წ. “ქათმის ფერმის” გადასახვევიდან, სოფლის შიდა გზებამდე მისასვლელი ერთადერთი იმედი მოსახლეობის მიერვე დაგებული “სინკარი” იყო, თუმცა, დღეს ისიც ჩანგრეულია.

“ეს ე.წ. ხიდი, წლებია, ასეა. ვის ვახსოვართ?! მარტო არჩევნებისთვის შემოგვივლიან, რომ ხმები წაიღონ. ხალხის გასაჭირი _ მანქანა გამოდის თუ არა ხიდზე, არ ადარდებთ. წლების განმავლობაში მოაჯირი არ აქვს. ეგ “სინკარიც” ჩვენ გავდეთ, მოსახლეობამ. სივიწროვის გამო საშიშიც კი იყო ზედ გავლა, მაგრამ ამას კი სჯობდა. ახლა ჩაინგრა და კაცი არაა ჩვენი მომკითხავი“, _ ამბობენ ბუკნარში.
“გურია ნიუსი” პრობლემის არსში გასარკვევად მოსახლეობის მიერ ნახსენებ გზის მონაკვეთთან მივიდა.
“სინკარი” ჩატეხილია, მის ქვეშ ღელე გამოედინება, სწორედ, ამ ღელეში უწევს მოსახლეობის იმ ნაწილს გავლა, ვისაც გაუმართლა და მაღალი გამავლობის მანქანა ჰყავს.
“აქ რას გამოვალთ ჩვენ. ერთხელ ვცადე და გამევსო სალონი წყლით, არადა, აქვე ვცხოვრობთ. დაბა ჩოხატაურთან დასაკავშირებლად ეს უმოკლესი გზაა“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა, რომლებმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.
თუმცა, გაფუჭებული გზა მხოლოდ ბუკნარელების პრობლემას არ წარმოადგენს.
ქვენობნის მცხოვრებმა და “ჩაი ლომთათიძეების” მწარმოებელმა, გიორგი ლომთათიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შიდა გზებზე არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს:
“ქვენობანში არის ერთი ჩაის საწარმო, რომელიც ჩემს ოჯახს აქვს და 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. მაინტერესებს, ასეთი მისასვლელი გზა თუ უნდა იყოს ჩაის საწარმომდე, როცა მთელმა რაიონმა იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოდიან ჩვენთან სტუმრად? შარშან ჩეხეთის ელჩი მყავდა, ასევე, გერმანელი, პოლონელი და მრავალი ეროვნების ადამიანები ჩამოდიან და უბრალოდ, სირცხვილია. ჩემი მეგობარი ბატონი დავითი (საუბარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეზე. ავტ.) დამპირდა, მაგრამ ვერ აირჩიეს და არ აირჩიეს მეორე ვადით მერად. მართლაც, სირცხვილია 21-ე საუკუნეში, როცა მუნიციპალიტეტში ჩაის ისეთი საწარმოა, რომელიც პანდემიის პერიოდშიც კი არ გაჩერებულა, ასეთი მისასვლელი გზა ჰქონდეს. 300-350 მეტრი არის ჩემს საწარმომდე და იქნებ, ვინმემ მომაქციოს ყურადღება“, _ ამბობს გიორგი ლომთათიძე.
იმის გასაგებად იგეგმება თუ არა გზის აღნიშნული მონაკვეთების რეაბილიტაცია, მერის წარმომადგენელს ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში პაატა ჩხაიძეს დავუკავშირდით.
_ ბატონო პაატა, როდის არის დაგეგმილი ოზურგეთი– ჩოხატაურის ცენტრალური გზიდან გადასახვევთან (ე.წ. “ქათმის” ფერმასთან) არსებული ხიდის რეაბილიტაცია?
გარდა ამისა, ქვენობნის მცხოვრებმა და ჩაი ლომთათიძეების მწარმოებელმა, გიორგი ლომთათიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შიდა გზებზე არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს _ ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?_ ვკითხეთ, მერის წარმომადგენელს, თუმცა, აღნიშნულ კითხვებზე მისგან პასუხის მიღება ვერ შევძელით.
“მიმართეთ პრესცენტრს“, _ გვითხრა პაატა ჩხაიძემ დასმული კითხვის პასუხად.
კითხვაზე პასუხის მისაღებად დაკავშირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან მინდია ჟღერიასთან ვცადეთ, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
კითხვებზე პასუხის მისაღებად სტატიის მზადების პროცესში მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხს, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში მოგვაწვდიდნენ, თუმცა, მოგვიანებით დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ პირები, ვინც ჩვენს კითხვებს უნდა უპასუხონ “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობას ხვდებიან და ამის გამო ჩვენთვის პასუხის მოწოდებას დროულად ვერ ახერხებენ.
“სამწუხაროდ, მე ვერ გიპასუხებთ, რადგან არ ვარ უფლებამოსილი, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ არ დავაზუსტებ იმათთან, ვისაც აქვს ეს ინფორმაცია“.
თუმცა, ჩვენს კითხვაზე, მოგვაწოდონ კომპეტენტური პირის საკონტაქტო ინფორმაცია, გვპასუხობენ, რომ საკონტაქტო პირს ვესაუბრებით: “მე უნდა დამიკავშირდეთ მაინც. დაგიზუსტებთ ყველაფერს და გაგცემთ პასუხს“, _ ამბობენ პრესსამსახურში.
“გურია ნიუსი” პასუხს მისი მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ავტორი
































































