„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი, „სინოვაკი“.
„ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა, შემდეგ გაიხსნება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“, შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.