თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ქურთულ-სირიული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დააანონსა.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები თურქეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განლაგებული.
Japantimes-ის ინფორმაციით, ქურთები თურქეთიდან მომავალ საფრთხეს აპროტესტებენ.
ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თურქეთ-სირიის საზღვართან ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების გასაპროტესტებლად.
„ძირს ერდოღანი“ , „ვგმობთ ოკუპაციას“, _ სკანირებდნენ ისინი.
როგორც თურქეთში აცხადებენ, თავდასხმის მიზანი ტერიტორიის ტერორისტული ორგანიზაციებიდან გათავისუფლებაა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ სირიაში ბუფერულ ზონას შექმნიდნენ, სადაც 2 მილიონამდე ლტოლვილი დასახლდებოდა, თუმცა, თურქეთი აცხადებს, რომ უსაფრთხო ზონის შესაქმნელი ძალისხმევა სასურველ შედეგს არ იძლევა.
როგორც ahvalnews იუწყება, თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას “სირიის დემოკრატიული ძალების” (SDF) წარმომადგენლები, ეხმაურებიან და ამბობენ, რომ თუ ანკარა სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, ისინი ტოტალური ომისთვის მზად არიან.