სისხლიანი დაპირისპირება ბრუკლინის ციხეში – დაჭრილია მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. “კანონიერი ქურდი” რაჟდენ შულაია. ინციდენტი დაახლოებით 3 კვირის წინ მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ, მეტსახელად „ჩაქუჩამ“ დაუჭირა. ლათინოამერიკელებმა მათ წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს.
ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Crime Russia-ს წყაროს ინფორმაციით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ორივე დაშავებული კარცერში მოათავსეს.
ხურციძის დედა ამბობს, რომ მას შვილი 4 დღის წინ შეეხმიანა და უთხრა რომ კარგადაა.
ციხეში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ხურციძის მეგობარი.
„ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მნიშვნელვანი დაზიანება არ აქვს. თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს, როგორც ვიცი, კოლუმბიელებთან მოხდა ეს. ავთო ახლა კარგადაა“, _ამბობს ხურციძის მეგობარი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი.
ხურციძე სასჯელს ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით, გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.
წყარო: რუსთავი2