როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით, სისხლის უანგარო დონაცია ხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
დღეს ასეთი აქცია ოზურგეთში, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ოფისში, პარტიისავე ინიციატივით დაიწყო, სადაც ორმოცდაათამდე ოზურგეთელი მოხალისე მივიდა სისხლის უანგაროდ გასაღებად.
_დონორობა გმირობაა. ოზურგეთი მუდამ გამოირჩეოდა საზოგადოების მაღალი ჩართულობით ასეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებში და დღეს ფაქტის წინაშე ვართ. აქ მოსული ყველა პირი საკუთარი სურვილით იღებს მონაწილეობას აქციაში. ყველას ვუხდი მადლობას, – გვითხრა ნატალია კვანტალიანის სახელობის, სისხლის ცენტრალური ბანკის „სამტრედიას“ წარმომადგენელმა, ლაშა კვანტალიანმა.
ბატონმა ლაშამ აუცილებელი განმარტებები მიაწოდა აქ მოსულებს, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისგან ან მათგან, ვისაც აწუხებს დიაბეტი ან სტენდი აქვს ჩადგმული, მათგან სისხლს არ აიღებენ.
19 წლის ოზურგეთელმა გოგონამ ნინი რამიშვილმა საკუთარი სურვილით გადადგა ნაბიჯი, გამხდარიყო დონორი.
_მსურს, ადამიანების გადასარჩენად ვიმოქმედო და მათ სიცოცხლე ვაჩუქო _ თქვა მან „გურია ნიუსთან“.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მერაბ ჭანუყვაძემ ჩვენთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
_როგორც მთელ საქართველოში ხდება, ჩვენი ორგანიზაციაც შეუერთდა ამ აქციას და თითოეულ ადამიანს, ვინც აქ საკუთარი სურვილით მოვიდა დღეს, განსაკუთრებული მადლობა უნდა მოვუხადო. ახლა აქ არიან რიგითი ოზურგეთელები: კობა ჭეფხოძე, ნოდარ ხარაბაძე და სხვები. ასევე დონორის ამპლუა მოირგეს „ქართული ოცნების“ წევრებმაც. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის საქმე, რითაც ჩვენი ქვეყანა ებრძვის ისეთ ვერაგ პანდემიას, როგორიც კოვიდ-19-ია _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
დონაციის აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.