ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის გასაჯაროებისას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას კახექსიის მეოთხე დონე აქვს.
„პაციენტი გავსინჯეთ 4 დეკემბერს. წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული, შევაფასეთ როგორც მძიმედ. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებაში, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება დამოუკიდებლად, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს. შეფასდა მისი კოგნიტური სფეროც და ისიც დაქვეითებულია, აქვს ცხელება, ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა შიმშილობის ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია. მაგრამ უფრო ანეროქსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს, მას აქვს გულის რევა და ვერ იღებს საკვებს.
კახექსიის დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება და მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება არის მოსალოდნელი. ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, უკეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები და მკურნალობა, მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ამ ეტაპზე“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.