„ჩვენთან, ჯერჯერობით, ინფიცირებული არ დაფიქსირებულა. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სიტუაცია მსოფლიოში სერიოზულია”, – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამირან გამყრელიძის თქმით, საზოგადოების ინფორმირებისა და დამშვიდებისთვის უწყება ბრიფინგებს ეტაპობრივად ჩაატარებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სერიოზული მზადებაა. საქართველო კვლავ რჩება მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსით ინფიცირების რისკი ჩვენს ქვეყანაში მინიმალურია.
პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და გამკაცრებულია სასაზღვრო კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა, სატრანზიტო რეისებით ჩამოსულ მგზავრებს თერმული სკრინინგი მაინც უტარდებათ.