ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ნიუსრუმი“ დაიხურა – ინფორმაციას გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ „სიურპრიზად, ახლახან“ გაიგო.
„ასე და ამგვარად ეს დღეც დადგა, ოღონდ სიურპრიზად გავიგე ახლახან პოლიტიკური გადაცემა ნიუსრუმი რომელსაც აგერ 5 წელია ვაკეთებ და ვფიქრობ არც თუ ისე უხარისხოდ, ეთერში არ გავა“, – წერს კვირველია, მადლობას უხდის კოლეგებს, სტუმრებს და დასძენს, – „ამ ეტაპზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს“.
„პუბლიკა“ ცდილობს, „პალიტრა მედიასთან“ დააზუსტოს, რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი. მედიაჰოლდინგის პასხუს მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ.
„პუბლიკა“ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ დირექტორს, ლევან ტაბატაძეს ესაუბრა. მისი თქმით, გადაცემა „ნიუსრუმის“ დახურვა „ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილებაა“.
კითხვაზე, მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება მმართველი პარტიის მხრიდან „პალიტრანიუსის“ სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას გვიპასუხა, რომ ამ ორი თემის ერთმანეთთან მიბმა არ შეიძლება და პალიტრა ნეიტრალური მედია ორგანიზაციაა, რომელიც არავის მითითებით არ იღებს გადაწყვეტილებებს.
„ეს არის ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ტელევიზიაში ხდება ხოლმე. როგორც სხვებთან, ისე ჩვენთან განახლება სჭირდება ყველაფერს. გადაწყვეტილება იყო ერთობლივი, რომელიც მივიღე მე“, – განაცხადა ლევან ტაბატაძემ.
მისი თქმით, ჟურნალისტი კოკა კვირკველია „პალიტრანიუსში“ სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
publika.ge