სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მოქალაქეების დაჯარიმების მიზნით გამოყენების უკანონობაზე იდავებს.
“2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული შსს 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების მეშვეობით აჯარიმებს ათასობით ადამიანს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძვლით დაწყებულ სამართალდარღვევის საქმეებში, სადაც ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს. ამ დრომდე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არ გაუვრცელებია წარმოების ფარგლებში განხორციელებული მოქმედებების შესახებ ინფორმაცია და არც შესაბამისი რეკომენდაციებით მიუმართავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული რამდენიმე პირის სახელით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს და წარმოების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას”,_ აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.