ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში მინდელის შახტში დაშავებული მეშახტეები მოინახულა. მინისტრის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა არ გაუარესებულა.
“თბილისში გადმოყვანილი 5 პაციენტიდან სამს მსუბუქი და საშუალო ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ორ-სამ დღიანი მონიტორინგის შემდეგ, დიდი ალბათობით, კლინიკიდან გაეწერებიან. რაც შეეხება ორ დაშავებულს, მათი მდგომარეობა საყურადღებოა. მათ სხეულის დიდი ფართობისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრი არასამთავრობოების მოთხოვნებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარის გამოსაძიებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელი არ არის.
“სჯობს არასამთავრობოებმა ვადები საკუთარ თავს დაუწესონ, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მათ მუშაობას, მაგრამ მსგავს ულტიმატუმებს ვერ მივიღებთ. რაც შეეხება კომისიას, ასეთი შრომითი უსაფრთხოების შესწავლას თავისი პროტოკოლი აქვს და არ მგონია, რომ ამ შემთხვევის შესწავლას დამატებითი რესურსი შეიძლება დასჭირდეს“, – აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან დაადასტურა ის ფაქტიც, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ.
„საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ ტყიბულის მოსახლეობის შემოსავლები უმეტესწილად ამ საწარმოზეა დამოკიდებული და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება მიმართული არა ეპიზოდურად კამპანიურად, არამედ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, მათ ხელფასია აუნაზღაურდებათ. შახტის დახურვის პერიოდს კი სრულად გამოვიყენებთ, რათა გაკეთდეს ანალიტიკა, თუ რა უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ,
ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ორ მოთხოვნას უყენებენ. კერძოდ, ისინი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და ტყიბულის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება-წარდგენას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, დილით, ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მინდელის შახტის მფლობელი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადაა კომპანია „საქნახშირი” (რომელიც შახტში სამუშაოებს აწარმოებს) უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მომხდართან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.