სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე ქვეყანაში არსებულ სტრუქტურულ კრიზისებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
დეპუტატი პარლამენტის მუშაობასაც აყენებს ეჭვქვეშ.
„ყოველივე მიუთითებს ქვეყანაში არსებულ არა თუ სისტემურ, არამედ უკვე სტრუქტურულ კრიზისებზე. ვფიქრობ, სავალდებულოა, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რამდენად უპრიანი იქნება ამ პარლამენტის ასეთი მუშაობის გაგრძელება.
ყველა ის კოლეგა, რომლებიც ამ პრობლემებს აქამდე “აპრავებდნენ“, მოუწევთ საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თვალში ნაცრის შეყრა ჯერ არავის შერჩენია და ვფიქრობ, არც ამ დეპუტატებს შერჩებათ. განსაკუთრებით, როდესაც თავმჯდომარე ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გადგეს და დატოვოს თანამდებობა“,_ აღნიშნა ჭიჭინაძემ.
გუშინ „რუსთავი 2“-მა სკანდალური ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომელთა მოქმედი პირები არიან: „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.
აღსანიშნავია, რომ ჩანაწერების ნამდვილობა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს დაადასტურა.