ასტროფოტოგრაფი ბექა მამუკაშვილი „ფეისბუქში“ ეხმაურება თბილისში პიტბულის მიერ ქალის დაგლეჯვის ამბავს.
მამუკაშვილის მტკიცებით, პიტბულმა, რომელიც ქალს თავს დაესხა წლების წინ მისი ძაღლიც დაგლიჯა და დღემდე არაერთი ცხოველი ჰყავს შეწირული.
„თუ გახსოვთ, ადრე დავწერე სტატუსი, როგორ დამიგლიჯა ჩემი ძაღლი მეზობლის პიტბულმა. ეგ ზუსტად ის პიტბული იყო, რამდენიმე დღის წინ რომ ქალი შეჭამა და ახლა სასუნთქ აპარატზეა.
რამდენიმე წლის წინ დედაენის პარკში სისუ მყავდა გაყვანილი. ღამე იყო. უცებ ჩემზე ორი თავით მაღალი როტვაილერი მოვიდა, ესეც სისუსავით აშვებული იყო. მამალი იყო თან და ჩემს ძაღლს მამლებზე გართულება აქვს. დადგნენ “სტოიკაში” და უცებ სისუ გაექანა და ეცა. ის როტვაილერი არც კი განძრეულა, საერთოდ არ შეტოკებულა და საოცარი სიმშვიდით იგერიებდა თავის ერთ ლუკმას. ცოტა ხანში პატრონი მოვიდა, მოდიო დაუძახა და ასევე საოცარი სიმშვიდით დაემორჩილა პატრონს. მერე ვკითხე იმ პატრონს, რატომ არ გაგლიჯა შუაზე-მეთქი და რავიცი, ასე მყავს გაწვრთნილიო, არაა აგრესიულიო.
ჰოდა, იმ საცოდავ პიტბულს სიბნელეში ამყოფებდნენ, სხვა ძაღლებთან სიკვდილამდე აჩხუბებდნენ, წაგების შემთხვევაში საჭმელს არ აძლევდნენ და სცემდნენ. არა მარტო ჩემი ძაღლი, სხვა ბევრი ქუჩის თუ არაქუჩის ძაღლი ყავს გაფლეთილი შუაზე. როცა ვკითხეთ მათ პატრონებს, რატომ არ უკეთებდნენ ნამორნიკს, პასუხი იყო, რომ მისი ზომა ვერ იშოვეს.
პარკი მოუქნია თუ სახეში წიხლი ჩაარტყა, გაწვრთნილი და არააგრესიულ გარემოში გაზრდილი ძაღლი ნერვსაც არ შეიტოკებდა, როგორც წლების წინ იმ პიტბულზე სამჯერ ძლიერმა როტვაილერმა არ შეიტოკა.
მორჩით ყ@@ობებს. ქალის დადანაშაულებასაც და ძაღლისაც. აქ დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ უპასუხისმგებლო პატრონია“,_ წერს მამუკაშვილი.
რაც შეეხება ძაღლის მიერ დაგლეჯილ ქალს, მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა 16 ივლისს, საღამოს, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა.
როგორც “კურიერის” გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, შემთხვევისას ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, 67 წლის ქალის დახმარებას. ამის შემდეგ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასროლის ხმაზე ძაღლს რეაქცია არ მოჰყვა, მამაკაცმა ძაღლს ესროლა.
ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობარი კი აცხადებს, რომ 3 წლის პიტბულს არასდროს არავისთვის არ უკბენია. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს.