2023 წლიდან სავარაუდოდ სკოლებში დიფერენცირებული ანუ ე.წ. პროგრამული სწავლება დაიწყება. აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საშუალო საფეხურზე, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ პროფილი, მიმართულება, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება ჰუმანიტარული, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების გაყოფა, რათა მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეძლონ შესაბამისი მიმართულების არჩევა. თუმცა ეს რომელიმე საგნის ამოღებას არ ნიშნავს. საბაზისო უნარებს, რაც მაგალითად, მათემატიკაშია საჭირო, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მყოფი მოსწავლეც ისწავლის.
როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ეს ცვლილება იმ მოსწავლეებს შეეხება, ვინც პროგრამის დაწყების დროისთვის მე-10 კლასში იქნება.
,,ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, მომავალ წელს დაიწყება მე-10 კლასიდან მხოლოდ, მერე მოყვება შემდეგ წელს მე-11 და შემდეგ მე-12 კლასი. ამჟამად დამამთავრებელ კლასში მყოფ მოსწავლეებს ეს ცვლილება არ ეხება. დაახლოებით ასეა დაგეგმილი, რომ 2023 წლიდან სკოლებში ეს ცვლილება განხორციელდება“, _ განაცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მოსწავლეთა განსხვავებულად სწავლას. იგი ითვალისწინებს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფება-დაყოფას. ამგვარად სწავლების მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს შესაძლებლობების ფარგლებში.
წყარო: ეტალონი.გე