“გურია ნიუსის” ფეისბუქგვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა წერილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულის საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ. როგორც წერილში იყო აღნიშნული, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, კონკრეტულად ცნობილი როდის დაიწყება სკოლის შენობის მშენებლობა.
აღნიშნულ წერილზე ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჯუმათის სკოლასაც არ ეღირსება აშენება. ვინმე არის ამის მომგვარებელი? ბავშვები რომ მოდიან სახლში, ბნელა უკვე“.
2023 წლის დეკემბერში “გურია ნიუსი” წერდა, რომ სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის ძველი შენობა დანგრეული იყო, ახლის მშენებლობა კი დრომდე არ დაწყებულა _ ბავშვები და მასწავლებლები სასწავლო პროცესის ჩასატარებლად მეზობელ სოფელში, სილაურში დადიან.
ჯუმათის საჯარო სკოლის დირექტორმა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, რომ მისთვის არ არის ცნობილი, როდის დაიწყება სკოლის შენობის მშენებლობა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სკოლის შენობის დემონტაჟი გახორციელდა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ლალი სიჭინავას თქმით, 2026 წელს დაგეგმილი სკოლის მშენებლობის საკითხი განხილვის ეტაპზეა.
ჩვენ ასევე მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს, მაგრამ, ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.
ავტორი































































