ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების ხელმძღვანელბმა უკვე წარადგინეს ინდივიდუალური გეგმები.
საზოგადოების მხრიდან დიდია ინტერესი, თუ როგორ აპირებენ სკოლები სასწავლო წლის წარმართვას,როგორ უნდა იქნეს დაცული დისტანცია, დისტანცირებული სწავლება შეეხება თუ არა ყველა კლასს, განსაკუთებით დაწყებით კლასებს, გადავლენ თუ არა სკოლები ორცვლიან სწავლაზე, და თუ ასე იქნება, ერთსა და იმავე კლასთან მომუშავე მასწავლებლებს როგორი ანაზღაურება ექნებათ? – ეს და კიდევ უამრავი კითხვა დაგროვდა, რასაც პედაგოები, მშობლები თუ მოსწავლეები, მთელი საზოგადოება ინტერესით მოელის.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსს , ლელა იმედაშვილს ესაუბრა.
მან განაცხადა, რომ ამ კვირაში იწყებენ ყველა სკოლასთან რეგულაციებზე შეთანხმებას.
_ ახალი სასწავლო წელი ჩვენთან, ოზურგეთში , ყველა სკოლაში დაიწყება 15 სექტემბერს. გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები. სექტემბრის დასაწყისისთვის ყველა სკოლა ჩამოყალიბებული იქნება თავის წესებზე. ისინი ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ეს არ შეეხება დაწყებით, I-IV კლასებს. ზედა კლასებში კვირაში ორი დღის გამოყენების უფლება ექნებათ. ესეც დამოკიდებულია სკოლებზე, გამოიყენებენ თუ არა… ახლა ვართ 24 სათიან შრომაში, იმისთვის, რომ სკოლებთან ერთად შევქმნათ მათზე მორგებული რეჟიმი. რაც მთავარია, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რა წესებიც არის განსაზღვრული, ყველა იქნება დაცული, – გვითხრა ქალბატონმა ლელამ.
„გურია ნიუსი“ მალე ვრცლად შემოგთავაზებთ, თუ როგორ აპირებენ რეგულაციების მიხედვით სკოლების დირექტორები, პედაგოგები, რესურსცენტრი სასწავლო წლის და თანმხლები პროცესების წარმართვას.