მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების შემდეგ იმერეთში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ გუშინ, ვანის მეორე საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სადაც სკოლის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთად დაანონსეს.
როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე ამბობს, ვანის მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი 15 ივნისს დაიწყება.
მისივე თქმით, სკოლაში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სველი წერტილები და ასევე გამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროება.
„ვანის მეორე საჯარო სკოლა 1965 წელს არის აშენებული. მას ჩაუტარდა მცირედი რემონტი, თუმცა სრული რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სველი წერტილები და სკოლა მოითხოვს რეკონსტრუქციას, ასევე მცირედ გამაგრებით სამუშაოებს. თუ არ ვცდები 380 მოსწავლე სწავლობს. რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება 15 ივნისს, მას შემდგომ რაც დასრულდება სასწავლო წელი. ხოლო ორშაბათიდან ჩვენს მიერ ტენდერის შედეგად გამოვლენილი კომპანია შეუდგება მობილიზაციას. ეს ეხება დასავლეთ საქართველოს ყველა სკოლას. ამ სკოლას ზუსტად 1 წელში გავხსნით, მოსწავლეები კი დროებით ვანის 1 საჯარო სკოლაში გადავლენ“, _ამბობს მაღრაძე.
„გურია ნიუსი“ ვანის მეორე საჯარო სკოლაში გადაღებულ კადრებს გთავაზობთ: